კონექტიკუტის შტატის მერვეკლასელი რაჯი დოში (Raji Doshi) 2026 წლის „ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი“ გახდა. ტიტული და მთავარი პრიზი მას 3M Young Scientist Challenge-ში მიენიჭა — კონკურსში, რომელსაც კომპანია 3M და საგანმანათლებლო კომპანია Discovery Education 11–14 წლის მოსწავლეებისთვის ატარებენ. მისი სისტემა ზღვის წყლის ტუტიანობას ზრდის და წყლიდან ნახშირორჟანგს იღებს.

რატომ „მჟავდება“ ოკეანე
ოკეანის მჟავიანობის ზრდა ინდუსტრიული რევოლუციის დროიდან იწყება. ზღვის წყალი ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს შთანთქავს, წყლის pH იცვლება და მასში კარბონატის იონები მცირდება. სწორედ ეს იონები სჭირდებათ მარჯნებსა და კიბოსნაირებს ნიჟარისა და ჩონჩხის ასაშენებლად.
რაჯისთვის ეს თემა პირადიც იყო. მისი მენტორის, 3M-ის პროდუქტის ინჟინერიის სპეციალისტის დებორა იზაბელის (Deborah Isabelle) თქმით, გოგონას ნიჟარების შეგროვება უყვარს და აწუხებდა, რომ მჟავიანობა უკვე აზიანებს როგორც ნიჟარებს, ისე მათში მცხოვრებ არსებებს.
როგორ მუშაობს ALKACORE
პროექტს რაჯიმ ALKACORE დაარქვა. ის ორ ბუნებრივ კომპონენტს აერთიანებს: ზღვის მსხვილ წყალმცენარეებს და არაგონიტს — კალციუმის კარბონატის ბუნებრივ კრისტალურ ფორმას. არაგონიტი ბუფერის როლს ასრულებს და წყლის ტუტიანობას ზრდის, წყალმცენარეები კი ზრდისთვის ნახშირორჟანგს იყენებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, კარბონატული ქიმიის ანალიზით რაჯიმ აჩვენა, რომ არაგონიტი წყალმცენარეების ბიომასას ზრდის, წყალში გახსნილი ნახშირორჟანგის რაოდენობას კი მნიშვნელოვნად ამცირებს. მან გამოთვლითი მოდელიც ააწყო, რომლითაც არაგონიტის ოპტიმალური დოზა დაითვალა — რამდენი მინერალია საჭირო, რომ სისტემამ საუკეთესოდ იმუშაოს.
ALKACORE ჯერ მოსწავლის პროტოტიპია და არა მზა ტექნოლოგია. პროექტის მიზანი იაფი და გამძლე სისტემაა სანაპირო წყლებისთვის, ორგანიზატორები კი მას ნაბიჯად აფასებენ იმისკენ, რომ კლიმატური გადაწყვეტები სანაპირო თემებისთვის უფრო პრაქტიკული გახდეს.
ზაფხული მეცნიერის გვერდით
ფინალში ათი მონაწილე გავიდა. თითოეულმა ჯერ ერთ-ორწუთიანი ვიდეოთი წარადგინა იდეა, რომელიც ყოველდღიურ პრობლემას პასუხობდა. ზაფხულის განმავლობაში ყველა ფინალისტს 3M-ის მეცნიერი ჰყავდა მენტორად, ვისთან ერთადაც იდეა პროტოტიპამდე მიიყვანეს.
ფინალი 12–13 ოქტომბერს მინესოტაში, 3M-ის სათაო ოფისში გაიმართა. ჟიური კრეატიულობას, სამეცნიერო ცოდნას, კომუნიკაციის უნარს, გამომგონებლობასა და კვლევის ხარისხს აფასებდა. რაჯიმ 25 000 დოლარი მიიღო.
მეორე ადგილზე მეშვიდეკლასელი აიშა ასიფი (Aaisha Asif) გავიდა — ბუნებრივი ცილებისგან დამზადებული ეკოლოგიური წებოთი. მესამე მეცხრეკლასელი შარვი მაჰაჯანი (Sharvi Mahajan) გახდა. მისი მოწყობილობა EEG-ით, ანუ თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ჩაწერით, დაღლილობას ზომავს და მიკროძილს წინასწარ ამოიცნობს, რომ მძღოლები და მაღალი რისკის პროფესიის ადამიანები დროულად გააფრთხილოს. ორივემ 1000 დოლარი მიიღო. სამივე პრიზიორი გოგონაა.
19 წლის ისტორიის მქონე კონკურსი
3M და Discovery Education ამ კონკურსს 19 წელია ატარებენ. ორგანიზატორების თქმით, წინა წლების გამარჯვებულებს შორის არიან ისეთები, ვინც TED-ზე გამოვიდა, პატენტი აიღო, არაკომერციული ორგანიზაცია დააარსა ან Forbes-ის „30 წლამდე 30“ სიაში მოხვდა.
თავად რაჯი კონკურსის საიტზე გამოქვეყნებულ პროფილში მონაწილეობის მიზეზს ასე ხსნის: „მინდოდა, ისეთ რამეზე მემუშავა, რასაც მნიშვნელობა აქვს, და არა მხოლოდ ისეთზე, რაც კარგ ნიშანს მომიტანდა“.

„იშრომე სიჩუმეში, დაე, შენმა წარმატებამ იხმაუროს“

