ბარის პროვინციის ქალაქ ბითონტოში დასუფთავების კომპანია Sanb-ის თანამშრომლებმა ორი დღე დახარჯეს ერთი პატარა ქაღალდის საძებნელად. 4 აგვისტოს, დილის ხუთის ნახევარზე, ლოტოს ბილეთს ჩამოხეულ პარკში, უკვე გაფუჭებულ ტალონებს შორის მიაგნეს — მთლიანად უვნებელს. ბილეთზე მილიონი ევრო იყო.
„არ ანაზღაურდება“ — ფრაზა, რომელმაც მოთამაშე შეცდომაში შეიყვანა
ბითონტოელი მოთამაშე წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ნომრებს ირჩევდა — კომბინაცია ახლობელ ადამიანთან იყო დაკავშირებული. იტალიური მედიის ცნობით, საქმე ეხება MillionDay-ს, სადაც 55 ნომრიდან ხუთი უნდა გამოიცნო. 31 ივლისის გათამაშებაზე სწორედ ეს ხუთი ნომერი ამოვიდა.
კვირას, 2 აგვისტოს, მოთამაშე ჩვეულებრივ შევიდა მაღაზიაში და ტალონი აპარატში შეამოწმა. პასუხი იყო: „არ ანაზღაურდება“. ლოტარიის წესებით ეს ფრაზა ორ სხვადასხვა რამეს ნიშნავს — ან ბილეთი მოგებული არ არის, ან მოგება იმდენად დიდია, რომ მცირე მაღაზიას მისი გაცემის უფლება არ აქვს. მოთამაშემ პირველი ვარიანტი ივარაუდა და ტალონი ურნაში ჩააგდო.
სახლში დაბრუნებულს ოჯახის წევრმა უთხრა, რომ მისი ჩვეული ნომრები გათამაშებაზე ამოვიდა. ოჯახი მაშინვე მაღაზიაში დაბრუნდა, მაგრამ ურნა უკვე დაცლილი იყო და ნაგავი Sanb-ის მანქანას გაჰყვა.
ექვსი ტონა, შეიარაღებული დაცვა და გამთენიის ხუთის ნახევარი
Sanb საჯარო კომპანიაა და ბითონტოს, ტერლიცის, კორატოსა და რუვო-დი-პულიის ნარჩენებს აგროვებს. კომპანიის ხელმძღვანელმა რობერტო ნიკოლა ტოსკანომ (Roberto Nicola Toscano) თანამშრომლებთან ერთად ნაგვის მთელი გზა აღადგინა — ურნიდან კონკრეტულ მანქანამდე. ავტომობილი იპოვეს და გააჩერეს მანამ, სანამ ტვირთს კომპაქტორში, ნარჩენების დამწნეხ დანადგარში, გადმოცლიდა.
„საბედნიეროდ, კვირა იყო“, — უთხრა ტოსკანომ TgCom24-ს. — „თორემ ტვირთი უკვე ნაგავსაყრელზე იქნებოდა“. კომპაქტორი იზოლირეს და შეიარაღებული დაცვის ქვეშ დააყენეს.
ტვირთი ლიცენზირებულ საწარმოში გადაიტანეს, სადაც მუშებს დაცული პირობებით შეეძლოთ მუშაობა — ნაგავში საშიში მასალაც ხვდება. იქ ექვსი ტონა ნარჩენის გადარჩევა დაიწყო.
„ჩამოხეულ პარკში იდო, სხვა, უკვე გაფუჭებულ ტალონებთან ერთად. ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი იყო, რომელიც უვნებელი დარჩა“, — უთხრა ტოსკანომ სააგენტო ANSA-ს. იმავე საუბარში მან დასძინა, რომ ამბავს „რაღაც სასწაულებრივი აქვს“.
ვინ გადაიხადა ძებნის ხარჯი
ოპერაციამ Sanb-ს დამატებითი დანახარჯი მოუტანა, კომპანია კი საჯაროა — ხარჯი საბოლოოდ გადასახადის გადამხდელებს დააწვებოდა. ამიტომ ბილეთის მფლობელმა ძებნის დაწყებამდე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც დამატებითი ხარჯების ანაზღაურება იკისრა. მისი ვინაობა არ გამხდარა ცნობილი.