აშშ-ში, კენტუკიში დაკარგული 6 წლის ბიჭი ორი ღამის შემდეგ ცხენოსანმა მოხალისეებმა იპოვეს. ბავშვი ტყიდან თავად გამოვიდა, თავის პატარა ძაღლთან ერთად. აუტიზმის მქონე ბიჭი ეკლებით იყო დაკაწრული და გაუწყლოებული, მაგრამ მაშველების თქმით, კარგ მდგომარეობაში იყო.
„ი-აი-ი-აი-ო, ცხენუკა!“
სამშაბათს, გათენებამდე, ათამდე ცხენოსანი მოხალისე მთიან ტყეში შევიდა. სახლიდან დაახლოებით 2,4 კილომეტრში, ცხენებისთვის განკუთვნილ ბილიკზე, ბუჩქებიდან ჯერ ძაღლი გამოვიდა, მას კი ბიჭი მოჰყვა.
ლორენსის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის, ტრევის ჰიუზის (Travis Hughes) თქმით, ბავშვი ცხენებს მიუახლოვდა. მან ცნობილი საბავშვო სიმღერის „Old MacDonald Had a Farm“ მისამღერი „ი-აი-ი-აი-ო“ წამოიძახა და „ცხენუკა“ მიაყოლა.
მოხალისეებს თან წყალი, ბანანი და ხილის ტკბილეულობა ჰქონდათ. ბიჭმა ბანანი შეჭამა და წყალი დალია. „სვიტერში გავახვიეთ, ცხენზე შევსვით და მთიდან ჩამოვიყვანეთ. კარგად იყო“, — უთხრა გაზეთ „ლექსინგტონ ჰერალდ-ლიდერს“ ჯგუფის წევრმა, ჯეიკობ მალინსმა (Jacob Mullins).
ორი ღამე ტყეში
ბიჭი სახლიდან 1 ნოემბერს, კვირას, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა. ჰიუზის თქმით, მას გარეთ თამაში და ტყის დათვალიერება უყვარდა.
ძებნაში 300-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო, ფეხით და ცხენებით. მათთან ერთად ეძებდნენ კენტუკის შტატის პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია და მაშველები მეზობელი დასავლეთ ვირჯინიიდან და ოჰაიოდან. ტყეს ზემოდან ვერტმფრენები და დრონები ათვალიერებდნენ.
ტალახში დატოვებულმა ნაკვალევმა მაშველები ბავშვის ტანსაცმლამდე მიიყვანა: ქურთუკამდე, შარვლამდე და საფენამდე. „ვიცოდით, რომ ბავშვს ტანსაცმელი აღარ ეცვა, ამინდი კი იცვლებოდა და წვიმა მოდიოდა“, — უთხრა ჰიუზმა CBS News-ს. მოხალისეებს სთხოვეს, ემღერათ ბიჭის საყვარელი სიმღერა „If You’re Happy and You Know It“, იმ იმედით, რომ ნაცნობ ხმაზე გამოვიდოდა.
ერთი შეტყობინება მეგობრისგან
მალინსს, ფანჯრების საწმენდი მცირე ბიზნესის მფლობელსა და ცხენოსნობის მოყვარულს, ორშაბათს საღამოს მეგობარმა მისწერა. დასავლეთ ვირჯინიელმა შემდუღებელმა პატრიკ ფინლიმ (Patrick Finley) შესთავაზა, სამსახურიდან დასვენების დღე აეღოთ და ბავშვის საძებნელად წასულიყვნენ. „ასეც მოვიქეცით“, — ამბობს მალინსი. ცხენოსნებმა მთაში ჯამში 22 კილომეტრზე მეტი გაიარეს.
მალინსი ფიქრობს, რომ მოტორიანი ტექნიკის ხმაური ბავშვს აშინებდა. „მგონი, ცხენების გარეშე არ გამოვიდოდა“, — თქვა მან. ნაკვალევის მიხედვით, ბიჭი მთის ქედებზე დადიოდა და ერთ ადგილას ტალახიან გუბეშიც ითამაშა. ჰიუზის თქმით, ძაღლი, სავარაუდოდ, ამ ხნის განმავლობაში მთელი დრო მასთან იყო.

რა მოხდა შემდეგ
ბიჭი სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოთხშაბათისთვის გაუწყლოებისგან გამოჯანმრთელების პროცესში იყო. ლორენსის ოლქის საგანგებო სამსახურმა ძებნის შედეგს სასწაული უწოდა.

მალინსმა და ფინლიმ კი გადაწყვიტეს, ცხენოსანი სამაშველო არაკომერციული ორგანიზაცია შექმნან. მისი მიზანი დაკარგული ადამიანების ძებნაში დახმარება იქნება, 320 კილომეტრამდე რადიუსში.


