ეგზოჩონჩხი, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს ფეხზე აყენებს

4 წუთი

აშშ-ის მარეგულირებელმა უწყებამ FDA-მ, რომელიც სამედიცინო მოწყობილობებს ბაზარზე გასვლამდე ამოწმებს, ფრანგული კომპანია ვანდერკრაფტის (Wandercraft) ეგზოჩონჩხის, ივის (Eve), სახლში გამოსაყენებლად გაყიდვა დაუშვა. ეგზოჩონჩხი სხეულზე მოსარგები რობოტული კარკასია, რომელიც ფეხების მოძრაობას ძრავებით ასრულებს. ივი წონასწორობასაც თავად იცავს, ამიტომ ადამიანს ხელები თავისუფალი რჩება და ყავარჯნების დახმარებას არ საჭიროებს.

კომპანიის განცხადებით, ის მსოფლიოში პირველი თვითბალანსირებადი პერსონალური ეგზოჩონჩხია. აშშ-ში მისი გაყიდვა 2026 წლის 17 სექტემბერს დაიწყო.

ივი ეტლს არ ცვლის. ის იმ წუთებისთვისაა, როცა ფეხზე დგომა მნიშვნელოვანია: მეგობართან თვალებში ჩახედვით საუბარი, საჭმლის მომზადება, კბილების გახეხვა, და უბრალოდ სახლში გადაადგილება.

როგორ მუშაობს

მოწყობილობა მყარი ჟილეტივით ემაგრება სხეულს: სამაგრები ტანზე, წელზე, ბარძაყებზე, წვივებსა და ტერფებზეა. ჩარჩოს აქვს თავის საყრდენი, იდაყვის საყრდენები, წინა დამცავი ზოლი და უკანა სახელური, რომლითაც მომვლელს საჭიროებისას ადამიანის დაჭერა შეუძლია.

თეძოებში, მუხლებსა და კოჭებში ჩამონტაჟებული 12 ძრავა სიარულს ასრულებს, სენსორები კი წონასწორობას მუდმივად ასწორებენ, როგორც დგომისას, ისე მოძრაობისას. ყავარჯენი ან ჩოჩია არ სჭირდება.

მიწოდებამდე ტექნიკოსები ეგზოჩონჩხს ადამიანის სიმაღლეს, ფეხის სიგრძესა და სახსრების მოქნილობას არგებენ. ყველაფერს ჯოისტიკი მართავს, რომელიც ადამიანის ხელის მოძრაობის შესაძლებლობას ერგება: დაჯდომა, ადგომა, წინ და უკან სიარული, შემობრუნება, გვერდზე გადადგმა.

მაქსიმალური სიჩქარე 0,25 მ/წმ-ია (დაახლოებით 0,9 კმ/სთ) და უსაფრთხოების გამო განზრახ ნელია. სრული დამუხტვა ოთხ საათამდე ყოფნის. თუ ბატარეა დაჯდა, ძრავები ითიშება და სამუხრუჭე მექანიზმი ადამიანს მიწაზე თანდათან, ნელა ჩამოსვამს.

რა აჩვენა კვლევამ

FDA-ს გადაწყვეტილება ეყრდნობა კვლევას, რომელიც კესლერის ფონდში (Kessler Foundation) და ჯეიმს ჯ. პიტერსის სახელობის ვეტერანთა სამედიცინო ცენტრში (James J. Peters VA Medical Center) ჩატარდა და სამეცნიერო ჟურნალ Journal of Visualized Experiments-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 16 წყვილი, პაციენტი და მისი მომვლელი, მონაწილეობდა. შვიდ პაციენტს ტეტრაპლეგია ჰქონდა, ანუ ოთხივე კიდურის დამბლა, ცხრას კი პარაპლეგია, ქვედა კიდურების დამბლა. ოთხი სავარჯიშო სესიის შემდეგ ყველა წყვილმა ორივე საკონტროლო ტესტი გაიარა: სამ წუთში ადგომა, სიარული და ისევ დაჯდომა, ასევე ექვსწუთიანი სიარული მინიმალურ მანძილზე.

16-დან 15-მა ეგზოჩონჩხი 10 წუთზე ნაკლებ დროში ჩაიცვა, გაიხადეს კი ყველამ იმავე დროში. დაახლოებით 69 %-მა სამიზნე სიჩქარეს მიაღწია, 87,5 %-მა კი ექვსივე ყოველდღიური დავალება შეასრულა, მაგალითად, კარის გაღება და საჭმლის მომზადება. შედეგები ყოველ სესიაზე უმჯობესდებოდა.

კვლევის დროს 17 შემთხვევა აღირიცხა, მათგან რვა უშუალოდ მოწყობილობას უკავშირდებოდა. უმეტესად ეს კანის გაღიზიანება და კუნთის სპაზმი იყო, ერთხელ კი ადამიანი დაეცა, დაზიანების გარეშე. უსაფრთხოების გამო კვლევა არავის მიუტოვებია.

სად არის ზღვარი

ივი მხოლოდ შენობაში, სწორ ზედაპირზე მუშაობს. კიბე, ბორდიური, პანდუსი, სველი ან მოყინული იატაკი, ხალხმრავალი ადგილი და ქუჩა მისთვის არ არის. კომპანია ამას ეგზოჩონჩხის ნელ სიჩქარეს უკავშირებს.

მომხმარებლის წონა 100 კგ-ს, სიმაღლე კი 1,94 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. შეზღუდვებია ფეხის სიგრძესა და თეძოს სიგანეზეც. ეგზოჩონჩხს ექიმი გამოწერს, ის თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად მზადდება, გვერდით კი ყოველთვის სერტიფიცირებული მომვლელი უნდა იყოს, რომელიც პაციენტთან ერთად ხუთსესიიან კურსს გადის.

ვინ იხდის და რა მოხდება შემდეგ

ვანდერკრაფტის თქმით, აშშ-ში ზოგიერთ პაციენტს ხარჯს უკვე უფარავს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა Medicare, ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემა და სამსახურში მიღებული ტრავმის დაზღვევა. სხვა შემთხვევებში განვადებაა ხელმისაწვდომი. ფასი არ გამოქვეყნებულა, სხვა ქვეყნებში გაყიდვის ვადები კი ჯერ არ არის განსაზღვრული.

ივის წინამორბედი, სარეაბილიტაციო ეგზოჩონჩხი ატალანტე X (Atalante X), კომპანიის მონაცემებით, მსოფლიოში 150-ზე მეტ სარეაბილიტაციო და კვლევით ცენტრში გამოიყენება. ივი ამ ტექნოლოგიას კლინიკიდან სახლში გადააქვს.

„FDA-ს თანხმობამ აჩვენა, რომ ივი შემდეგი ნაბიჯისთვის მზად იყო. ახლა მთავარია, ის რეალობად ვაქციოთ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც შევქმენით“, — განაცხადა ვანდერკრაფტის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მატიე მასლენმა (Matthieu Masselin).

გაზიარება