101 ქვეყნიდან მეორე — ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ოქრო მოიპოვეს

1 წუთი

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ტაშკენტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 11 მედლით დაასრულა: 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მედლების ცხრილში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ რუსეთის შემდეგ.

ოთხი ოქრო სპორტულ სამბოში

ოთხი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ სამბოში გახდა:

  • ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ). მისთვის ეს მეშვიდე მსოფლიო ტიტულია, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი საერთო ჯამში 11 მედალი აქვს.
  • ავთანდილ მუქბანიანი (64 კგ). მაისში, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოსთვის ერთადერთი ოქრო სწორედ მან მოიპოვა.
  • ელიზბარ თურქია (71 კგ).
  • უჩა ტაბატაძე (+98 კგ).

ჩემპიონი მხედველობის დარღვევის მქონე სპორტსმენებს შორის

მეხუთე ოქრო გიორგი გამჯაშვილმა მოიპოვა. ის 79 კილოგრამში გაიმარჯვა სამბოში, რომელშიც მხედველობის დარღვევის მქონე სპორტსმენები ასპარეზობენ. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მეორე ქართველმა, რამინ კიპშიძემ აიღო.

საიუბილეო ჩემპიონატი

ტაშკენტში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი 50-ედ გაიმართა. 6–8 ნოემბერს მასში 101 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა 18 ოქროთი. საქართველომ ხუთი ოქროთი სხვა ყველა ქვეყანას აჯობა.

შედარებისთვის: 2021 წელს, იმავე ტაშკენტში, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვა. 2023 წელს ერევანში ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ჰქონდა.

ტეგები:
წყარო:sambozamin
გაზიარება