მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო — რეიტინგის ლიდერთან 4:8-ით აგებდა

1 წუთი
სანდრო ბაზაძე ოქროს მედლით ორანის მსოფლიო თასზე

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ალჟირის ქალაქ ორანში გამართული მსოფლიო თასი მოიგო. შაბათს, 17 ოქტომბერს, ფინალში მან უნგრელი კრისტიან რაბი (Krisztián Rabb) 15:12 დაამარცხა. ეს 33 წლის სპორტსმენის მეორე ოქროა ახალ სეზონში.

ყველაზე რთული ბრძოლა მეოთხედფინალში იყო

ფინალამდე ბაზაძემ ფრანგ, რუმინელ და იაპონელ მეტოქეებს აჯობა. ყველაზე რთული მეოთხედფინალი აღმოჩნდა. იქ მას ფრანგი სებასტიან პატრისი (Sébastien Patrice) შეხვდა, რომელიც ალჟირული გამოცემის planetesport.dz-ის ცნობით ხმლით ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს.

Crystalsport-ის მონაცემებით, ბაზაძე ამ ორთაბრძოლაში 4:8-ით აგებდა. საბოლოოდ კი შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 15:14, მოიგო.

სეზონის მეორე ოქრო

ახალი სეზონი ბაზაძემ სექტემბერში ბულგარეთში დაიწყო. სოფიის სატელიტ ტურნირზე 21 ქვეყნის 102 მოფარიკავე გამოდიოდა. სატელიტი მსოფლიო თასზე დაბალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა. ბაზაძემ იქ 12-ვე ბრძოლა მოიგო, ფინალში კი ამერიკელი ბენ ავრამი 15:9 დაამარცხა.

ალჟირში ქართველი მოფარიკავე უკვე მეორედ იმარჯვებს. 2022 წლის ნოემბერში ქვეყნის დედაქალაქში გამართული მსოფლიო თასიც მან მოიგო. მაშინ ფინალში იტალიელი ლუიჯი სამელე 15:13 დაამარცხა.

2022 წლის იანვრამდე მსოფლიო თასის ოქრო არც ერთ ქართველ მოფარიკავეს არ ჰქონდა. პირველი სწორედ ბაზაძე გახდა, თბილისში გამართულ ეტაპზე.

მას შემდეგ მის კოლექციაში მსოფლიო ჩემპიონატის სამივე სინჯის მედალია: ბრინჯაო 2022 წელს, ვერცხლი 2023-ში და ოქრო 2025 წელს თბილისში. ბაზაძე ასევე 2023 წლის ევროპული თამაშების ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ტეგები:
წყარო:fiecrystalsport
გაზიარება